რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული ტექნიკის მობილიზება ბორჯომში ხდება და გამთენიისას, ერთობლივი სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.
ალავიძის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას.
„პრემიერის დავალებით, ტექნიკის მობილიზება ხდება. როგორც კი ხილვადობა შესაძლებელი იქნება, ერთობლივი ძალებით შევუდგებით ცეცხლის სალიკვიდაციო სამშუაოებს. ხანძარი დღის პირველ ნახევარში თითქმის ჩამქრალი იყო, თუმცა, ძლიერი ქარის გამო მოხდა კერების გაღვივება“, – განაცხადა ალავიძემ, რომელიც ამჟამად ბორჯომის ხეობაში სტიქიის ზონაში იმყოფება.
მანამდე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად ბორჯომის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
დეპარტამენტის უფროსი ამ მომენტში ვერ აზუსტებს, თუ რამდენი ჰექტარზეა დამწვარი ტყე, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკვე წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე იწვის.
„ზუსტად რამდენი ჰექტარია დამწვარი, ეს დილით გვეცოდინება, თუმცა რაც არის განადგურებული, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ზარალია. მესამე დღეა, ჩთვენი სააგენტოდან ადამიანები პირადად არიან ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში, თუმცა, ძლიერი ქლარის გამო ცეცხლის მასშტაბები გაიზარდა“, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.
მანამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, სოფელ დაბას მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელოს.
გამგებელი ვარაუდობს, რომ სტიქიის ზონაში ძლიერი ქარი ჩადგება, რის შედეგადაც, შესაძლოა, ცეცხლის ეტაპობრივი ლიკვიდირება მოხდეს.
„თუ ქარი აღარ იქნება, გამთენიიდან უკვე ასობით მეხანძრე, მოხალისეები და ვერტმფრენები სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება. თუმცა, ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერი ოჯახის ევაკუაცია მოახდინოს, თუ ისინი ამას უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოითხოვენ. თუმცა, ამ დროისთვის, საბედნიეროდ, მსგავსი რამ საჭირო არ არის“, – ამბობს ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯობის ხეობაში, სოფელ დაბაში გაემგზავრა, სადაც ძლიერი ხანძრის გამო ტყის ხანძარი იმდენად გაძლიერდა, რომ დასახლებულ პუნქტებსაც ემუქრება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე დღის საათებში მუშაობს 2 ვერტმფრენი.
ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარის გამო ხანძარი საღამოს გაძლიერდა და მეორე მთის ფერდობს გადაედო. ცეცხლი სოფელ დაბას დასახლებულ ადგილებს უახლოვდება.
ამის შესახებ „პირველის“ კორესპონდენტი სტიქიის ზონიდან იუწყება.
მისივე ცნობით, სოფლის ცენტრში ადგილობრივი ქალები და ბავშვები არიან შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ. რომ ღამეს ქუჩაში გაატარებენ, რადგან ამაღამ ცეცხლი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მივიდეს მათ სახლებამდე.
„ძალიან შეშინებულები ვართ. ბავშვებს ჩავაცვი და ქუჩაში გამოვედი. ასეთი ცეცხლი 2008 წლის აგვისტოშიც არ მინახავს. დახმარებას ვითხოვთ“, – აცხადებს ადგილობრივი ნაზი შანიძე.