მოხალისეებს ვთხოვდი, რომ ხელს ნუ შეუშლიან შსს-ს და სხვა უწყებებს. საკმარისზე მეტი ძალა გვყავს იმისთვის, რომ ხანძარს გავუმკლავდეთ, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა.
“ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა, რათა სახანძროებს შეძლებოდათ კერებამდე მისვლა და ლოკალიზება. მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული. ჯერჯერობით თვითმფრინავთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს. ორი ვერტმფრენი მოემართება საქართველოსკენ, რამდენიმე საათში გადმოკვეთენ საზღვარს და შეუერთდებიან ჩვენს ავიაციას ხანძრის სალიკვიდაციოდ. იმისთვის, რომ ხანძარი იქნეს ლოკალიზებული, ეს მხოლოდ ადამიანიურ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. დიდი წილი ბუნებრივ და კლიმატურ პირობებზე მოდის. გუშინ ამ დროისთვის ხანძარი პრაქტიკულად ლიკვიდრებული იყო, მაგრამ ძლიერმა ქარმა 5 დამოუკიდებელი კერა გააჩინა “, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება მოხალისეების ჩართვას, გიორგი მღებრიშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხალისეებმა ხელი არ უნდა შეუშალონ შსს-ს და სხვა უწყებებს მუშაობაში.
“მოხალისეებს ვთხოვდი, რომ ხელს ნუ შეუშლიან შსს-ს და სხვა უწყებებს. საკმარისზე მეტი ძალა გვყავს იმისთვის, რომ ხანძარს გავუმკლავდეთ. მოხალისეების ჩართვამ შეიძლება ცუდი შედეგები მოგვიტანოს, სახიფათოა ხანძრის კერებთან მისვლა”, – განაცხადა მღებრიშვილმა.