საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე „საქართველოს რკინიგზაში“ განხორციელებული საშტატო ცვლილებების მიზეზებს განმარტავს.
“ბოლო წლებში კახეთის მიმართულების სარკინიგზო მონაკვეთზე გამოიკვეთა მატარებელთა მოძრაობის ინტენსივობის მკვეთრი კლება. დღეისათვის ამ მიმართულებაზე არ დადის არცერთი სამგზავრო მატარებელი, ხოლო სატვირთო მატარებლის დადგენილი სიჩქარე შეადგენს 15-25 კმ/სთ. მოცემული ვითარების გათვალისწინებით კახეთის მიმართულების სარკინიგზო ლიანდაგის ულტრაბგერითი შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრა კვარტალში ერთხელ შემოწმებით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს მობილური დეფექტოსკოპიური ბრიგადების საშუალებით. სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის, თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულება წარმოადგენს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალურ ხაზს, რომელზეც გარდა სატვირთო მატარებლებისა, მოძრაობს სამგზავრო მატარებლებიც, რომელთა მოძრაობის სიჩქარე 80 კმ/სთ-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალურ ხაზზე ულტრაბგერითი შემოწმების პერიოდულობის გაზრდა მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად,”- განაცხადა კოკა გუნცაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.