„ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია – დაუშვებელი. დავიცვათ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართულ-სომხური მეგობრობა“, – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და 30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტს ეხება.
ერთობლივ მიმართვას ხელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატი აწერენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის შეხვედრა გაიმართა.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, არქეოლოგიური გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად ტაძრის ეზოში აღმოჩნდა საფლავები და მიცვალებულთა ნეშტი, რომლებიც დროებით შერჩეულ ადგილას გადაიტანეს, სადაც მოსახლეობას გაუჩნდა ჯვრის აღმართვის სურვილი. გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. მიმართვის ტექსტის თანახმად, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არ აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის.
პრობლემა გამოიწვია ამ ჯგუფის მცდელობამ, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ტაძრის ეზოში აღემართათ სომხური ტრადიციული ქვის ჯვარი – ხაჩკარი.
აქ 2015 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აწარმოებს სარესტავრაციო სამუშაოებს. არქეოლოგიური გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად ტაძრის ეზოში აღმოჩნდა საფლავები და მიცვალებულთა ნეშტი, რომლებიც დროებით გადატანილია შერჩეულ ადგილას, სადაც მოსახლეობას გაუჩნდა ჯვრის აღმართვის სურვილი.
გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არ აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.
წინაპრების საფლავისთვის პატივის მიგება სადავო არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასწლეულების მანძილზე ტაძრის ეზოში ქართველებიც, სომხებიც და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც დაიმარხნენ და მათი პატივისცემა ყველა ჩვენგანის ვალია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ა.წ. 5 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, შემდგომი სხდომების დროს განიხილონ და ურთიერთშეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც სამართლებრივი და რელიგიური დატვირთვის გარდა მორალური მნიშვნელობაც ექნება და ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მაგალითი გახდება.
ყველას მოვუწოდებთ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია – დაუშვებელი. დავიცვათ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართულ-სომხური მეგობრობა, გამოვიჩინოთ წინდახედულობა და წამოჭრილი საკითხები კანონიერების და ქრისტიანული სიყვარულის გზით გადავწყვიტოთ“, – ნათქვამია მიმართვაში.