ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარების საკითხი ევროსასამართლოში დღის წესრიგში არ დამდგარა, – ამის შესახებ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წევრებმა ლევან ჩიტაძემ და ლაშა გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ლევან ჩიტაძის თქმით, იმსჯელეს იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებამდე სასამართლოს არ უმსჯელია აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე გირავნობის ნაწილზე.
„მსჯელობა იყო იმაზე, რომ სასამართლოს არ უმსჯელია აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე გირავნობის ნაწილზე და პირდაპირ მოხდა აღკვეთი ღონისძიების შეფარდება“, – განაცხადა ლევან ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს.
„ამ ნაწილს ლოგიკური ახსნა აქვს. გვახსოვს, კადრები, როდესაც ვანო მერაბიშვილი სხვა სახელითა და გვარით, შესაძლებელია ეს იყო ყალბი საბუთი, ან ოპერატიული, როგორ ცდილობდა საზღვრის დატოვებას და ტრაპიდან როგორ ჩამოიყვანეს. ამის შემდეგ სასამართლომ მსჯელობის გარეშე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება. ევროპის სასამართლო თავის განაჩენში ამბობს, რომ სასამართლოს ამ გარემოებების მიხედვით მაინც უნდა ემსჯელა, იქნება გირავნობა ყოფილიყო ყველაზე კარგი გამოსავალი“, – განაცხადა ლევან ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ევროპის სასამართლოს განაჩენს კიდევ ერთი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი არის ის, რომ ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ციხიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. ლევან ჩიტაძის განცხადებით, უკანონოდ პატიმრის ციხიდან გაყვანას არც „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წევრები ეთანხმებიან.