აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა, პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს, ქართველ ხალხს “გიორგობა” მიულოცა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა სწორედ პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გაიმართა.
კოლეგებმა, დელეგაციების დონეზე გამართული შეხვედრის დასაწყისში, ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„ჩვენი შეხვედრა იმართება ამ კვირაში, როდესაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დღესასწაულების სამზადისშია – მომავალი კვირის ხუთშაბათს საქართველოში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება, ხოლო ამერიკაში მადლიერების დღეს ვზეიმობთ. თქვენს ერს ბედნიერ გიორგობას ვუსურვებ – ქართველი ერის მფარველი წმინდანის დღესასწაულს”,- აღნიშნა მატისმა.