სახალხო დამცველი ვერ იქნება პროკურორი და მოსამართლე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„სახალხო დამცველი ვერ ეტყვის პროკურატურას, მე რომ მოვითხოვე საქმის აღძვრა, რატომ არ აღძარი. თუ მტკიცებულება არ აქვს, პროკურატურა საქმეს ვერ აღძრავს, შემდეგ მოსამართლეს ვერ მიუთითებს, რატომ არ მიუსაჯე 7 წელი და რატომ გაუშვი დარბაზიდან, თუ მოსამართლეს მტკიცებულებები არ აქვს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უჩა ნანუაშვილის ქმედებებში ხედავს თუ არა პოლიტიკურ მოტივაციას, სოზარ სუბარმა განაცხადა: „პოლიტიზებას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ზოგადად, სახალხო დამცველის მანდატი ისეთია, რომ კარგი იქნება იმ ჩარჩოს არ გასცდეს“.
„მე ვერ ვიტყვი, ვინ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ჩარჩოს არ გასცდება. მაგრამ ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ჩვენი, მათ შორის ჩემი უწყების შემმოწმებელი, ჩვენი მაკრიტიკებელიც, თუ საჭირო გახდება. ქებას არავინ სთხოვს, ბუნებრივია. ეს უნდა იყოს აქტიური, სამართლიანი ადამიანი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებებზე მაღლა არ დგას არაფერი. ზოგჯერ უნდა შეეძლოს დინების საწინააღმდეგოდ წასვლა. დინება რომ გთხოვს სხვა რამეს და სიმართლე სხვა რამეა, ის სიმართლე უნდა თქვა და არა ის, რასაც დინება ითხოვს შენგან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.