ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუშეთის კულტურის სახლში, ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ამით მან თავისივე მსოფლიო რეკორდი – 217 კილოგრამი, გააუმჯობესა და ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
– ლაშა, ეს რეკორდი დუშეთში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში დაამყარე. როგორ უნდა მოხდეს ამის აღიარება მსოფლიო დონეზე?
– საქართველოს ჩემპიონატზე დამყარებული რეკორდი არ ჩაითვლება მსოფლიო რეკორდად. როცა შიდა შეჯიბრება ტარდება, საერთაშორისო მსაჯები უნდა მოიწვიო, იმისთვის, რომ შედეგი ოფიციალურად შევიდეს რეკორდების სიაში. ვინაიდან აქ არ იყვნენ საერთაშორისო მსაჯები, ეს რეკორდი არ შევიდა მსოფლიო რეკორდებში და დარჩა საქართველოს რეკორდად. რა თქმა უნდა, შევეცდები, ეს შედეგი მსოფლიოზეც გავიმეორო. 28 ნოემბერს გავემგზავრებით საქართველოდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, უკეთ მომზადებულები შევხვდეთ ამ მსოფლიო ჩემპიონატს. ტრავმებისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. უახლოეს მომავალში, იმედია, ჩვენი შრომა დაფასდება. გვინდა, ძალიან კარგ ფორმაში ვიყოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. რთულია, რადგან ყველაფერ ადამიანურს მოკლებულები ვართ. მაგრამ, ამ სირთულეების გადალახვა, გვიღირს იმ სიხარულად, რაც მას მოჰყვება.
– როგორი შეგრძნებაა, როცა შენზე ამბობენ – „ტიტანი, რომელმაც მსოფლიო ჰაერში აწია“?
– რა თქმა უნდა, სასიამოვნოა (იცინის), მაგრამ ასეთ რაღაცებს მაინც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. სამომავლოდ, უფრო დიდი გეგმები მაქვს და ჯერ ყველაფერი წინაა. ერთი მხრივ, შეიძლება, ეს ცუდიც იყოს სპორტსმენისთვის. ასეთმა შეფასებამ შეიძლება, მოგადუნოს კიდეც (იცინის).
– რა არის მაქსიმუმი, რაზეც ოცნებობ?
– თუ სერიოზულმა ტრავმებმა არ შემიშალა ხელი, დაახლოებით, ათი-თორმეტი წელი ამ სპორტში ვაპირებ მოქმედ სპორტსმენად ყოფნას. შევეცდები, ყველა შეჯიბრებაზე მაქსიმალური შედეგი დავდო და გავიმარჯვო. ვნახოთ…
– როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
– 2010 წელს დავფიქრდი სერიოზულად ამ სპორტზე. ევროპის ჩემპიონატი იყო 17 წლამდელთა შორის, რომელიც ესპანეთში ჩატარდა და მასში მივიღე მონაწილეობა. მანამდე ხან კალათბურთზე მინდოდა გადასვლა და ხან სპორტის სხვა რომელიმე სახეობაზე. ეს სახეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ რადგან ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოვიპოვე – სამი ოქროს მედალი პირველივე შეჯიბრებაზე, ეს უკვე გარანტირებულად ნიშნავდა, რომ სპორტის ამ სახეობას შემოვრჩი (იცინის).
– მამა იყო ინიციატორი, როგორც ვიცი.
– მამაჩემი ყოფილი ძალოსანია. მისი გადაწყვეტილებით შევედი ამ სპორტზე. თუმცა, იმდენად რთული იყო, ბევრჯერ მიფიქრია, თავი დამენებებინა. ბავშვური ასაკი მაინც სხვაა. მამა იყო თბილისში წამოსვლის ინიციატორი. აქ რომ ჩამოვედით, ჩემი თავი ავთო გახოკიძეს, ჩემს ახლანდელ პირად მწვრთნელს ჩააბარა. შვიდ თვეში უკვე, ძალიან დიდ შედეგზე გავედი. მამა ბოლომდე გვერდზე მედგა. რაიონში რომ ჩავდიოდი, ის მავარჯიშებდა. იმ დროს არ იყო შესაბამისი პირობები, განსაკუთრებით ძალოსნობაში. თუმცა, ბევრი შრომის და ცოტა გაჭივების ფასად, დღემდე მოვედი.
– მინდა, სხვა მხრიდანაც გაგიცნოს მკითხველმა. როგორი ბავშვობა გქონდა?
– საჩხერეში დავიბადე და გავიზარდე. სპორტული თვალსაზრისით, გამორჩეული ბავშვი არ ვყოფილვარ. თუმცა, ყოველთვის მიზანდასახული ვიყავი. გულში თუ რამეს ჩავიდებდი, აუცილებლად გავაკეთებდი. დედა სწავლას მაძალებდა, მაგრამ თავს არ ვიკლავდი (იცინის).
– ფიზიკური მონაცემებით თავიდანვე გამორჩეული იქნებოდი.
– არა. 15 წლის ასაკში, თბილისში რომ წამოვედი, შვიდ თვეში მქონდა ძალიან დიდი შედეგი. ამის შემდეგ ჩაგვესახა მე და ჩემს მწვრთნელს იმედი, რომ ჩემგან რაღაც გამოვიდოდა. თორემ, დღესაც მახსენებენ ჩემი უფროსი თაობის მეგობრები: დარბაზში რომ შემოხვედი და დაგინახეთ, ვთქვით, ამან რა შტანგა უნდა აწიოსო (იცინის). მე თვითონაც ვერ ვხედავდი ჩემში სასწაულის გამკეთებელს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, რომ ბევრი შრომის ფასად, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
– ყველაფერი წარმატებულად აეწყო, მაგრამ 15 წლის ასაკში, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ოჯახისგან შორს, მარტივი არ იქნებოდა.
– ჩემი ბავშვობა 15 წლის საკში დამთავრდა. რთული იყო. მახსოვს, წამოსვლიდან თვეების განმავლობაში, ყოველ კვირაში ვიპარებოდი საჩხერეში ჩემების სანახავად. დღესაც ასეთ რეჟიმში ვცხოვრობ. ძალიან მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ჩასვლიდან სამ დღეში, ყველას რომ ვნახავ, ისევ დარბაზი და ჩვეული რეჟიმი მენატრება (იცინის).
– რაც შეეხება ოჯახს?
– მყავს 11 წლის და და ერთი წლით უფროსი ძმა. მშობლები, ბებიები და ბაბუები. მადლობა ღმერთს, რომ ოჯახში არავინ მაკლია. ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.
– როგორია მათი ემოციები, როცა მათი შვილით მთელი საქართველო ამაყობს?
– როგორც მეუბნებიან, დედაჩემი საერთოდ ვერ უყურებს ჩემს შეჯიბრებებს, ხატებთან მიდის და ლოცულობს. დანარჩენები ერთად იკრიბებიან და დიდ ეკრანზე უყურებენ.
– შენთან კონფლიქტს, ალბათ, ერიდებიან?!
– კონფლიქტს მეც ვერიდები, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე. სანამ გნახავენ, ვინ ხარ, მანამდე ყველა დიდ გულზეა. მერე კი, ამბობენ, არა, ძმაოო (იცინის). ნასვამზე იციან ხოლმე თქმა, ნეტავ, შენთან მაჭიდავაო (იცინის). ძმაკაცი მყავს, 45 კილოგრამი, სახალხოდ დამემუქრა: მუხლზე გადაგიმტვრევო. ახლა თვითონაც ნანობს, მაგრამ (იცინის)… ძლიერ ადამიანებს ბევრის მოთმენა შეუძლიაო, ამბობენ. თუმცა, თუ საჭირო გახდა, არაა პრობლემა (იცინის). მაგრამ, ვცდილობ, ყველაფერი წყნარად და მშვიდად მოვაგვარო.
– რაც შეხება პირად ამბებს. დაქორწინებული არ ხარ. ახლო მომავალში ხომ არ გეგმავ?
– სერიოზული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ქორწილი როდის იქნება. ამაზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვიფიქრებთ. ის ძალიან დადებითად ეკიდება ჩემს საქმიანობას. სამწუხაროდ, იშვიათად ვახერხებ მის ნახვას, მაგრამ კარგად ესმის ამის მიზეზები და ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს.
– ცოტას არ ეჭვიანობს, ამდენი გულშემატკივრიდან ნახევარი რომ გოგოა?
– ადამიანი თუ გიყვარს, იმაზე ეჭვიანობ კიდეც და რა თქმა უნდა, არის ეგეთი მომენტებიც. თუმცა, ეჭვიანობაში იმას არ ვგულისხმობ, რომ ვფიქრობ, ჩემი შეყვარებული სხვას დაელაპარაკება. უფრო იმას ვფიქრობ, ვინმემ არაფერი უთხრას და მე არ დამიმალოს. გოგოა და შეიძლება, იმიტომ დაგიმალოს, რომ ამას ჩხუბი არ მოჰყვეს. შეგნების ამბავია, ერთი მხრივ, კარგად აზროვნებს, მაგრამ მე მირჩევნია, ვიცოდე. ამიტომ, სულ ვეკითხები ხოლმე (იცინის).
– და თუ სხვა ბიჭმა რამე უთხრა, მერე რა ხდება?
– არაფერი არ ხდება (იცინის).
– ეჭვიც არ მეპარება, რომ არაფერი. როგორია, ის გოგონა?
– ისეთი, როგორიც მომწონს და მიყვარს. ვფიქრობ, ვიზუალით უნდა გამოირჩეოდეს გოგო, მაგრამ ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ძალიან ლამაზი გოგო არ მომწონებია სხვა რამის გამო. გარეგნულად შეიძლება, ვარსკვლავებს ვერ წყვეტდეს, მაგრამ წესიერი უნდა იყოს. ამ საკითხში მეთვრამეტე საუკუნეში ვარ ჩარჩენილი (იცინის). ზოგი უკვე გასცდა 21-ე საუკუნეს, მაგრამ მე ვერ განვვითარდი. სირცხვილად არ მიმაჩნია, კაცმა რომ საჭმელი გაკეთოს ან სახლი დაალაგოს. თუ შეუძლია, რატომაც არა?! ჩემი აზრით, გოგომ თავის საქმე უნდა იცოდეს. ცოლმა რომ დამიწყოს, ამას მე ვერ გავაკეთებო, არ გამიხარდება, მაგრამ თუ მინდა მეუღლეს ვასიამოვნო, რატომ არ უნდა გავაკეთო რაღაც სახლში. მაგრამ ცოლი რომ დაგავალდებულებს გააკეთეო, ეს სხვა ამბავია (იცინის).
– რატომ ამბობ, რომ მეთვრამეტე საუკენეში ხარ ჩარჩენილი?
– ცოლს არ ვეტყვი კოჭებამდე კაბით იარე-მეთქი, მაგრამ იმის მიღმა, კიდევ ბევრი რამეა. გოგოებმა რომ იციან ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს ქალიშვილი ვიქნები თუ არაქალიშვილიო, ჩემთვის ეგრე არ არის. ჩემ გვერდით რომ იქნება გოგო, თავისთავად ქალიშვილი უნდა იყოს. აჰა, გითხარით (იცინის). ზოგს არ აქვს ამაზე პრობლემა. თუმცა, მე ასე მიმაჩნია.
http://tbiliselebi.ge