ამერიკულმა მხარემ საქართველოს ტერორისტული ჯგუფის შესახებ დაწყებულ გამოძიებაში დახმარება შესთავაზა-ამის შესახებ ამერიკის ელჩმა იან კელიმ განაცხადა. „აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ ტექნიკური დახმარება. ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება. ეს საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია“, – განაცხადა იან კელიმ.
,,ეს ჯერ ასი პროცენტით უნდა დადგინდეს“-აცხადებს აშშ-ს ელჩი იმ მოსაზრებაზე საუბრისას,რომლის მიხედვითაც შესაძლოა სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებს შორის ახმედ ჩატაევი იყოს.
„რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს ახმედ ჩატაევი, ეს ჯერ ასი პროცენტით უნდა დადგინდეს. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა და დავსვით კითხვები. აშშ ჩაერთო გამოძიებაში – გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთნენ. საქართველოს მთავრობას უნდა დააზუსტებინოთ, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი“, – აღნიშნა ელჩმა.