გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოსაგან გათბობის 200-ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
“ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ იყო, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით.
მოხერხდა ის, რომ ყველა – 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად თითოეულ ოჯახს 200-ლარიანი ვაუჩერებით ვეხმარებით გათბობის ხარჯების დასაფარად. ბუნებრივია, სახელმწიფო ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს
2017/12/20 14:17:35
ნანახია: 843 ჯერ