კაცმა, რომელმაც გორში ფიზიკური დაზიანება მიიყენა, დევნილი არ არის, მისი მეუღლე არის დევნილი – ეს ოჯახი ცხოვრობს კაცის მამაპაპისეულ სახლში და ისინი ბინას ვერ მიიღებდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
მისი განმარტებით, პირველ რიგში, ბინა გადაეცემა ისეთ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ ან ნგრევად შენობებში ცხოვრობენ.
“გორში 480 ოჯახისთვის რვა 10 – სართულიანი კორპუსი აშენდა. ეს არის იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში ცხოვრობს და ასევე იმ ოჯახებისთვის, ვინც ყველაზე უფრო შეჭირვებულია და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი. ამ კორპუსებთან დაკავშირებით, 1200 განაცხადი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი – ვინ მიიღებს პირველ რიგში და ვინ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს – ოჯახს ვამოწმებთ, ვიღებთ ინფორმაციებს, ხომ არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, თან ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც დანაშაული – კარგია, თუ მათ თავიანთი სახსრებით შეიძინეს სახლი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ შეუძლებელია სახელმწიფო ერთბაშად გაწვდეს ყველას. ამიტომ, ვისაც არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, ჯერ ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ.
კომისიაზე, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, ინდივიდუალურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შემდეგ მივდივართ ადგილზე და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ვისმენთ, ვამოწმებთ და თუ რაიმე ხარვეზი გვაქვს გაპარული, ვასწორებთ. ჩვენზე „ზეწოლას“ ახდენს მხოლოდ არგუმენტაციები და მტკიცებულებები და არა ისეთი მუქარა ან რაიმე ქმედება, როგორიც დღეს განხორციელდა. ფიზიკური დაზიანება მიიყენა ერთ-ერთმა არადევნილმა კაცმა, რომლის მეუღლეც არის დევნილი. ეს არადევნილი მოქალაქე თავის დევნილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თავის მამაპაპისეულ სახლში. ჩვენი გადაწყვეტილება ამ ოჯახის მიმართ იყო აბსოლუტურად სწორი იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, ბინას ვაძლევთ იმ ოჯახებს, ვისაც საერთოდ არ გააჩნია საცხოვრებელი ან ნგრევად შენობაში ცხოვრობს. ჩვენ რომ მიგვეცა ამ ოჯახისთვის ბინა, სხვა მოქალაქეები მოვიდოდნენ და პრეტენზიაც გამოთქვამდნენ“, – განაცხადა გიგა გიორგაძემ.
მანამდე გორის საკრებულოს შენობასთან აქციაზე ვიტალი გამხუაშვილმა თავი დაიზიანა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვდნენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებდნენ.