“საქართველოს ისტორიაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ზოგმა გმირობითა და ბრძოლით, ზოგმა შრომით და ზოგმა აზროვნებით. ამ ადამიანების ბედისწერაზე გადის ის, რაც ყველა ერისთვის სიცოცხლის ტოლფასია – თავისუფლება“– ამბობს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალი OK!–ის ექსკლუზიურ ინტერვიუში და თავადაც რჩება ქართულ მატიანეში, როგორც ქვეყნის პირველი პირი, მრავალი პასუხისმგებლობითა და მიზნით, დასახული გეგმებით, რომელიც სამუშაო კაბინეტში ფორმირდება, მისამართი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა, მიზანსწრაფვის მთავარი ადრესატი კი თავად საქართველო.
,,ამ კაბინეტში შემოსვლისას ბევრი არაფერი შემიცვლია, მხოლოდ სამი ფოტო დავკიდე. ფოტოები, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებულია: ვაჟას სულიერება, ნიკოლაძის პროგრესულობა და… ილინოისის უნივერსიტეტი.“ – 3 გარდამტეხი ფაქტორი პრემიერის კაბინეტში ვიზუალიზირებულია. მისთვის 2 გამორჩეულად ღირსეული მოღვაწის გვერდით უნივერსიტეტის შენობის ფოტოსურათს ადგილი ერგო, რადგან ამ სივრცემაც მისთვის მრავალი ფასეულობის გადაცემა შეძლო.
ის კიდევ მრავალ მნიშვნელოვან სურათსა და ბავშვობას იხსენებს: ,, საძინებელი მე და ჩემს ძმას დედაჩემის კაბინეტში გვქონდა. გამოტენილი იყო წიგნის თაროებით და ცნობილი მეცნიერების, მწერლების სურათებით. ასეთ ადგილას გვეძინა.“ სწორედ დედის თხოვნას გაუწია ანგარიში და სამედიცინო ფაკულტეტი ბოლომდე დაასრულა, ცოტამ თუ იცის, რომ ის დიპლომიანი ექიმია, რომელმაც სწავლის პარალელურად ეკონომიკის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩააბარა, რადგან მიხვდა, რომ ეს სფერო მას კიდევ უფრო მეტად აინტერესებდა: ,,დავდიოდი კიროვის პარკში და საბაზრო ეკონომიკის წიგნებს ვყიდულობდი“– ამბობს პრემიერი.
თუმცა სამედიცინო ინსტიტუტიდან მას მთავარი მონაპოვარი ჰყავს – მეუღლე მაკა ცინაძე, რომელიც მის კურსზე სწავლობდა სასწავლებლის დასრულების შემდეგ მასზე იქორწინა.
,,მინდა, რომ ჩემი ოჯახის ცხოვრება პრემიერობამდე, პრემიერობის დროსაც და შემდეგაც იყოს ჩვეულებრივი – ადამიანური. არ მინდა, იგრძნონ, რომ გამორჩეულები არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ მამა ჰყავთ პრემიერ-მინისტრი.“– საუბრობს შვილებზე და თან დასძენს, რომ ,,დიახ, ჩემი შვილები არიან გამორჩეულები, მაგრამ არა ამის გამო. ისევე როგორც ყველა ბავშვი და ახალგაზრდა, გამორჩეულები არიან თავიანთი ოცნებებით, მიზნებით.“ გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი ოჯახის საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებს, რადგან მიაჩნია, რომ ერთგვარ შეტევას თავიდან იშორებს, მას უყვარს პირადი სივრცე და ეზედმეტება პირადი დაცვაც კი.
2017 წლის მთავარ მიღწევად ვიზალიბერალიზაციის წარმატებით განხორციელებულ პროექტს თვლის , ,,ათენი, ევროპის აკვანი, იყო ის ადგილი, სადაც ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ პირველად გავეგზავრეთ სტუდენტებთან, სტარტაპელებთან, მეცნიერებთან ერთად. არ დამავიწყდება ის ემოცია, რაც სასაზღვრო გამშვები პუნქტის უვიზოდ გასვლისას დამეუფლა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ცხოვრებაში პირველად მივდიოდი ევროპაში. ბავშვობაში ასეთ შესაძლებლობაზე ვერც ვიოცნებებდი.“
2018 წელი წინაა, პრემიერი ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებისას კარგად ნაცნობ ემოციებს აღწერს ,,ბავშვობიდან განსაკუთრებით მომყვება ახალი წლის ემოცია. დღესაც კი, ახალი წელი ჩემთვის არის ყველაზე თბილი, ოჯახური და რომანტიკული დღესასწაული. ოჯახი მახსენდება, ოჯახის წევრები მახსენდებიან, რომლებიც აღარ არიან. მახსენდება სიხარული, თოვლის პაპის სიხარული. მამაჩემი იყო ხოლმე თოვლის პაპა, კარგა ხანს ვერ ვცნობდი. მახსენდება დაორთქლილი ფანჯრები, რომელზეც ვხატავდი, შემწვარი გოგრის სუნი მახსენდება. ახლა მიხარია, რომ ჩემს შვილებსაც იგივე ემოციები აქვთ. ‘’
,,ბავშვობისგან განსხვავებით, ჩემი სურვილები ბევრად რთული და მასშტაბურია.სურვილთა სურვილი კი, ჩემი ქვეყნის გამთლიანებაა. მინდა, რომ აფხაზეთის ზღვით და ფიჭვით გაჟღენთილი ჰაერი ჩავისუნთქო და სამაჩაბლოს მიწაზე დავდგა ფეხი.“ – გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლების უსასრულობის სწამს, ის ვაჟა ფშაველას სულიერებას იზიარებს ,,ვაჟა სიამაყის, ვაჟკაცობის, ბრძოლის, ყველაფრის არსია. როცა ვკითხულობ, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები მარტივ ჭეშმარიტებაში – შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე ადამიანად…“
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში ყოფნისას მიკროეკონომიკის ლექციას იხსენებს, როცა გამოცდილმა ლექტორმა უმნიშვნელო მექანიკური შეცდომით ფორმულა ამოხსნამდე სწორად ვერ მიიყვანა, მიზეზი მან კარგად იცოდა: ,, ვუთხარი, აი, მეორე დაფაზე აბსოლუტური მაჩვენებლის ნიშანი რომ მოაშორეთ, მინუსი უნდა დაგეწერათ-მეთქი. კურსელებმა შემომხედეს, ეს ვინ არისო, რომელი ქვეყნიდან არისო? მაშინ მთელმა კურსმა გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი.“
დღეს, უკვე მსოფლიომ იცის რომ ის საქართველოდანაა.
ინტერვიუ ვრცლად იხილეთ OK!–ის იანვრის ნომერში.