შესაძლოა გასულ საუკუნეში აშენებული ბაგა-ბაღების უმეტესობა დაიხუროს, რომელთა შენობებსაც, თბილისის მასშტაბით, შემოწმება უტარდებათ. საუკუნოვანი შენობების ვარგისიანობას ექსპერტები ეტაპობრივად ამოწმებენ. საუბარია 158-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაზე. მათი ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამჟამად, დადგენილია, რომ თბილისის სამმა საბავშვო-ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა. შემოწმების ფარგლებში არ არის გამორიცხული, რომ სხვა ბაღებმაც შეწყვიტონ ფუნქციონირება. ბაღების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ლ.სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეა დამოკიდებული.
N 19 ბაგა- ბაღი აგებულია 1960 წელს;
N 125 ბაგა-ბაღი _ 1907;
ხოლო N 84 ბაგა-ბაღი 1963 წლიდან მოქმედებს.
„გთხოვთ, დაჩქარებული წესით ჩაუტაროთ ექსპერტიზა შენობას, შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობის თაობაზე“ – ამ მოთხოვნით თბილისის მერიამ ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 11 იანვარს მიმართა.
თბილისის მერიამ ექსპერტებს, თბილისის მასშტაბით, რამდენიმე ბაგა-ბაღის შენობის ვარგისიანობის შემოწმება დაავალა.
ორკვირიანი შემოწმების შედეგად, ექსპერტიზის დასკვნა 18 იანვარს დაიდო. თუმცა, მერიის გადაწყვეტილება ბაღების დახურვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
თბილისის საუკუნოვანი ბაგა-ბაღების შენობები 45-წლიანი სტაჟის მქონე, ექსპერტიზის ცენტრის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტმა ანატოლი გოგოხიამ და ამავე დარგის რამდენიმე ექსპერტმა ჩაატარეს. საბოლოო დასკვნას კი, ხელი ანატოლი გოგოხიამ მოაწერა.
სწორედ მის მიერ ხელმოწერილი დასკვნის შედეგად, თბილისის მერიამ სამ საბავშვო ბაღს ფუნქციონირება სასწრაფოდ შეუწყვიტა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
„ქ. თბილისის მე -19 ბაგა-ბაღის პირველი და მეორე შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საჭიროა შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები, დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით, რის შედეგადაც დადგინდება შენობების აღდგენის რენტაბელობა. არსებული მდგომარეობით ბაგა-ბაღის ექსპლუატაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“ – ნათქვამია დასკვნაში.
მე-19 ბაგა-ბაღის ამორტიზირებულ შენობაში ყოველდღიურად 244 ბავშვი დადიოდა. მათ უკან ამდენივე ოჯახი და მშობელი დგას.
ბაღის დირექტორის ხატია ბუჩუკურის ინფორმაციით, შენობა გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და კოსმეტიკური რემონტი ორი წლის წინ ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ამ ამორტიზებულ შენობაში საარჩევნო შტაბი იხსნებოდა და სხვადასხვა პოლიტიკოსს ამომრჩეველი ამბიციებს უკმაყოფილებდა.
აღსანიშნავია, რომ მე-19 ბაგა-ბაღის ამორტიზებულმა შენობამ უკანასკნელად, დიდუბის რაიონის N 8 საარჩევნო ოლქის N 45 საარჩევნო უბანს უმასპინძლა.
სხვადასხვა ხელისუფლების დროს, საარჩევნო უბნები მოქმდებდა N 125 და N 84 ბაგა-ბაღებშიც.
იქ, სადაც შენობის კედლები დაბზარულია, კედლებს ბათქაში სცვიოდა. უფრო მეტიც, ზოგჯერ ოთახში ნესტისა და სველი ცემენტის სუნის ოხშივარი იფრქვეოდა. არადა, 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები ყოველდღე ამ ჰაერს სუნთქავდნენ. ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა ზემოთ აღნიშნული დასკვნის ანალოგიური შეფასება მისცეს თბილისის N 125 და N 84 ბაგა-ბაღების შენობა-ნაგებობებსაც.
ბაღების ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ მშობლებს, რომლებმაც დღეს შვილები ბაღში მიიყვანეს, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
თუმცა დღეს, მშობლების უკმაყოფილება და ხმაური კიდევ ერთ საბავშვო ბაღში გამოიხატა. აღსაზრდელები არ მიიღო ვარკეთილში, 28 -ე საბავშვო ბაღის დირექტორმა მანანა ხეცურიანმა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობა ამორტიზებულია, თუმცა მისი ექსპულატაცია ერთი წლის განმავლობაში დასაშვებია.
შესაბამისად, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ბაღების სააგენტოს არ მიუღია.
მშობლები ეჭვობენ, რომ დაგეგმილია შენობის მთლიანად დანგრევა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა დანიშნულების ნაგებობის აშენება. მათი განცხადებით, აქციებს გამართავენ და ბაღის დანგრევის საშუალებას არავის მისცემენ.
„როდესაც დაიწყო ზამთრის არდადეგები, ჭორის დონეზე გავრცელდა ხმა, რომ ბაღი არის ავარიული, უნდა დაინგრეს და მაშინვე იყო საუბარი იმაზე, რომ ალტერნატიული ფართი უნდა მოძებნილიყო. რადგან იყო არდადეგები, არ მოხდა ინფორმაციის გავრცელება ფართოდ და ვერ გავიგეთ, შემდეგ კი, როცა უკვე ბაღში დავბრუნდით, ვიკითხეთ გამგესთან და აღმოჩნდა, რომ ზუსტი ინფორმაცია მას არ აქვს,“- განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ნანა ზაზანაშვილმა.
მანანა ხეცურიანი ამბობს, რომ ნგრევაზე დასკვნაში არ არის საუბარია. დოკუმენტში მითითებულია, რომ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ეს ბაღი არ ინგრევა და ინფორმაცია, რომ ბავშვები სხვაგან გადადიან, არის მცდარი. თუ მოხდება ისე, რომ გადავლენ, ისინი გადავლენ ისეთ შენობაში, სადაც ყველა პირობა რაც სჭირდებათ, გათვალისწინებული იქნება,“-განაცხადა მანანა ხეცურიანმა.
ამჟამად, ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ სამი საბავშვო ბაღი დაიხურა, სადაც 800 -მდე ბავშვი სხვადასხვა ბაღში უნდა გადანაწილდეს. თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელების გადანაწილების პროცესი 29 იანვრამდე უნდა დასრულდეს.