ყველა კითხვას, რომელიც ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით ჩნდება, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რითაც საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა.
მისი თქმით, კომისია უახლოეს მომავალში გაფართოებულ შეხვედრას ჩაატარებს, რომელსაც სხვა სტუმრებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტებიც დაესწრებიან.
„ყველა კითხვას, რომელიც ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით ჩნდება, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ხოლო საკითხის ისე დაყენება, თითქოს ბაგა-ბაღებში საგანგაშო პროცესები მიმდინარეობს, უბრალოდ სასაცილოა იმ გუნდის მხრიდან, რომლის წევრებიც მერიის მაღალჩინოსნები იყვნენ მაშინ, როდესაც ერთი ხელის მოსმით, ასამდე ბაგა-ბაღის დირექტორი გათავისუფლდა და 50-მდე ბაღი დაიხურა. ამასთანავე, ამ გუნდმა კანონში ცვლილებით, სკოლამდელი დაწესებულებები განათლების სისტემიდან გამიჯნა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ბაგა-ბაღები განათლების სისტემაში დააბრუნა და ამ სფეროში თანმიმდევრული რეფორმები მიმდინარეობს. ამასთანავე, როგორც თამარ ტალიაშვილმა განმარტა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბაგა-ბაღების შენობების მედეგობის საკითხი მუდმივად კონტროლდება.
თამარ ტალიაშვილი – ყველა კითხვას, რომელიც ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით ჩნდება, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი
2018/01/26 15:57:50
კომენტარები
ნანახია: 1191 ჯერ