სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგი ფეხდაფეხ მოგვყვება და იჩენს თავს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს შესაბამისმა სამსახურებმა.
“არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება და არ მინდა, შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მომხდარის მიზეზები დადგინდეს და ყველამ დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებებით, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს, სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგი ფეხდაფეხ მოგვყვება და იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ. უკვე გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს. განსაკუთრებული ყურადღება იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და ახალი აშენებული შენობა-ნაგებობის ხარისხსზე იქნება დიდი ყურადღება გამახვილებული“, –განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ ”ვარკეთილში” ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. დაშავებულები 4 კლინიკაში არიან გადაყვანილები. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
კახა კალაძე – უკვე გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს
2018/01/30 14:58:54
კომენტარები
ნანახია: 893 ჯერ