საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა.
“ბორჯღალოსნებმა” ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.
ჩვენი დროით დღეს გამთენიისას, გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა. შესვენების შემდეგ კი “ბორჯღალოსნებმა” პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს – ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო.
“მეკომ” ვეღარ გარდასახა, თუმცა დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3 ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კიდევ ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ მოგებით ქართველებმა ფიჯისთან თბილისში წაგების გამო რევანშიც აიღეს და საერთო ანგარიშიც გაათანაბრეს. ბორჯღალოსნებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართეს – სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშეს, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლიეს.