სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრს ალექსანდრა რალუკა პრუნას შეხვდა, რომელიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ასევე, პენიტენციური და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა რუმინელ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველომ ამ კუთხით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.
კახა კახიშვილმა ალექსანდრა რალუკა პრუნას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მინისტრმა სასჯელაღსრულების სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა, მათ შორის მსჯავრედბულთა დასაქმების ხელშეწყობა. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, მსჯავრდებულებს პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების რეალიზაციის საშუალება მიეცემათ.
კახა კახიშვილმა არასაპატიმრო სასჯელების განვითარების მნიშვნელობაზე და ელექტონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ კონტექსში C ჰეპატიტთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამები აღინიშნა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის მეთოდის დანერგვა და დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გარდაცვალების მკვეთრად შემცირებაა.
„რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან საინტერესო გაცნობითი ხასიათის შეხვერდა შედგა. განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესში რუმინეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავაფორმებთ მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თანამშრომლების ურთიერთგაცვლით პროგრამას დავიწყებთ. როგორც რუმინეთს, ასევე, საქართველოს სერიოზული გამოცდილება აქვს და მიმაჩნია, რომ სწორედ გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად უფრო მარტივად მივაღწევთ იმ სტანდარტებამდე, რომელიც ორივე ქვეყნის ამოცანაა – ევროპული სტანდარტების დანერგვა და იმპლემენტაცია“, – განაცხადა კახა კახიშვილმა და პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
სასჯელაღსრულების სისტემაზე საუბრისას კი, ალექსანდრა რალუკა პრუნამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიღწევები პრობაციის სფეროში და განაცხადა, რომ ამ კუთხით საქართველო რუმინეთთან შედარებით უფრო განვითარებულია.
“შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთის პენიტენციური სისტემების შესახებ ვისაუბრეთ. დღევანდელი შეხვედრა რუმინეთსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამაშრომლობის გაგრძელების სიმბოლოა. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ რუმინეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოს მხრადაჭერას ევროპულ გზაზე, ” -განაცხადა ალექსანდრა რალუკა პრუნამ.
შეხვედრის დასასრულს, კახა კახიშვილმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტს რუმინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მუშაობის დაწყება დაავალა.