საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ, სადაც მათ 1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„1993 წლის 2 ივნისს აფხაზეთის ომის დროს მოხდა ტამიშის დესანტირება. პირველად რუსეთის შეიარაღებული ძალები ღიად ჩაერივნენ სამხედრო კონფლიქტში და რუსეთის ფლოტის მეშვეობით მოახდინეს ტამიშის მონაკვეთზე დესანტირება. საქართველოს სამხედრო ისტორიაში ეს მოვლენა ტამიშის დესანტის სახელით არის შესული. დღეს, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსათვის“, – აღნიშნა ალექსი ბარბაქაძე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.