დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი – ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა, – აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის სამძიმრის წერილში.
იგი თემურ უგულავას ოჯახს, შვილებს, ახლობლებს, მეგობრებს, მისი ქველმოქმედებით იმედდაბრუნებულ უამრავ ადამიანს უსამძიმრებს.
„დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ! 56 წელი ძალიან მცირეა ამ წუთისოფელში იმ ადამიანისთვის, ვინც მოასწრო და თავისი სიცოცხლის თითოეული წუთი მოყვასის, პირველ რიგში კი ქვეყნის მსახურებას მიუძღვნა.
დღეს მის მიერ გაკეთებულ უამრავ სიკეთეზე საუბრობს ყველა – დაცემული მეგობრის წამოსაყენებლად გაწვდილ ხელზე, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, გასახანგრძლივებლად გაწეულ თანადგომაზე, ნაცნობისა და უცნობისთვის გაღებულ მადლზე.
დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა. თუმცა, ჩვენ, მისმა თანამებრძოლებმა, ჩვენი წილი თემურ უგულავა დავკარგეთ; ჩვენ, ვისთან ერთადაც, იარაღით იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის!
ის არასოდეს არ საუბრობდა ამაზე ხმამაღლა!.. თუმცა, ბრძოლის ველზეც ისეთივე შეუპოვარი და პრინციპული გახლდათ, როგორც დასახული მიზნისკენ სვლაში! მან ბევრის მიღწევა შეძლო, თუმცა, მისთვის ყველაზე სანუკვარი სურვილი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყო!
მჯერა, თემურის ეს სურვილი, ღვთის ნებით, მალე იქცევა რეალობად და მარადისობაში გადასული მისი სული გაიხარებს ზეციურ საქართველოში!
მინდა, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა თემურ უგულავას ოჯახს, შვილებს, ახლობლებს, მეგობრებს, მისი უშურველი ქველმოქმედებით იმედდაბრუნებულ უამრავ ადამიანს და ჩვენს ქვეყანას, რადგან თემური, საქართველოს ძალიან დააკლდება!
მშვიდობით არა, ნახვამდის, თემურ, ძმაო, თანამებრძოლო და მეგობარო! ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს შენს კეთილშობილ სულს!
მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის ქართული მიწა!“, – წერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
