როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, გუშინ დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა გაქურდეს.
“გურიის მოამბესთან” ბიბლიოთეკის დირექტორმა, ლიკა ბაქანიძემ აღნიშნა, რომ ქურდებს ბიბლიოთეკაში შესვლის მცდელობა ორი დღის წინაც ჰქონდათ, თუმცა მაშინ სიგნალიზაციის ჩართვის გამო, ვერ მოახერხეს, ამჯერად კი შენობაში შესვლა უკანა ფანჯრიდან შეძლეს, წაღებულია რამდენიმე წიგნი:
“ორი დღის წინ იყო გაქურდვის მცდელობა , დაცვამ დამირეკა გვიან, სიგნალიზაცია ჩაირთოო. მივედი და ვნახეთ, რომ ფანჯარა იყო ჩატეხილი. შენობაში რომ შევედი, საბედნიეროდ ყველაფერი ადგილზე იყო. კომპიუტერული ტექნიკაც და სხვა ნივთებიც. დავურეკეთ პოლიციას. შეამოწმეს ადგილზე ყველაფერი. გუშინ დილით მივედი და ისევ ის ფანჯარა იყო ჩატეხილი, გატანილია ალექსანდრე დიუმას 15 ტომეული და კიდევ რამდენიმე წიგნი”-განაცხადა ლიკა ბაქანიძემ.
როგორც შსს-ში მომხდართან დაკავშირებით განმარტავენ, გამოძიება სსკ 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.