„ბათუმელებმა“ არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ფოტო რეპორტაჟი მოამზადა. გადაღების დასრულების შემდეგ, ფოტოების გადარჩევისა და დამუშავების დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ კადრზე დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება.
„ბათუმელებმა“ შს სამინისტროს მიმართა და ფოტომასალაც მიაწოდა, რათა უწყებას გაერკვია, რასთან გვაქვს საქმე.
შეტყობინების შემდეგ არდაგანის ტბაზე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის, იქედან გამომდინარე, რომ დაღამდა, სამძებრო სამუშაოები მაშველებმა შეაჩერეს. როგორც გვითხრეს, მათ, ჯერჯერობით, საეჭვო ვერაფერი იპოვეს.
პოლიციელების თქმით, უკვე დაიწყო გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
საქმეს ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება იძიებს.

სამძებრო სამუშაოები არდაგანის ტბაში