ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან – ამის შესახებ საუბარია ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ალიანსის წევრები არ ცნობენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს.
„მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი მიესალმებიან საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთს გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ამ მიმართულებით.
ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. მოკავშირეები არ ცნობენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს. აღნიშნული დოკუმენტები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს პრინციპებს და რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოკავშირეები დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას.
მოკავშირეები მიესალმებიან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლებას. მოკავშირეები მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები და, ასევე, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-სთან, ეუთო-სა და ევროკავშირთან, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება
2016/07/08 22:50:18
კომენტარები
ნანახია: 1744 ჯერ