სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა, სადაც ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია დატბორილი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკა.
აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რათა დატბორილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოშორება დროულად მოხდეს.
სენაკის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან ერთად შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,რეგიონში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ ზარალიც დიდი იქნება. მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
დასავლეთ საქართველოში – აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.