გიორგი მარგველაშვილი ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
“მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს ქართველი ხალხის სახელით. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს. რაც შეეხება იმ პროცესს, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და საქართველოს როლი – საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის და ქართველი ჯარისკაცები, ბატონები და ქალბატონები, რომლებიც მსახურობენ ცხელ წერტილებში, ამისთვის თავის სიცოცხლეს დებენ. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ გმირობისთვის. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ბუნებრივია, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ რა ვითარებაში როგორ მოიქცეს და სამართალდამცავებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. საქრთველო ამ თვალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურებიც აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება ეფექტური მუშაობა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.