ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ზომების მიღება არ იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს თურქეთში გადაადგილებისგან თავის შეკავება სთხოვა.
„პირველ რიგში, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი. მე პირადად მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ვურჩევ სიტუაციის განმუხტვამდე საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისგან. ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ საგანგებო ზომების მიღებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი – ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება
2016/07/16 10:53:02
ნანახია: 1473 ჯერ