„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხება აღიარა.
ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
“ევროპული საქართველოს” დაკვეთით, ეგზიტპოლი BCG Research–მა ჩაატარა. მისი შედეგები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე – 37%; სალომე ზურაბიშვილი – 34%, დავით ბაქრაძე – 17%; შალვა ნათელაშვილი – 5%, სხვა კანდიდატები – 7%.