იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ქართულმა ოცნებამ 6 წლის წინ მორალური ძალით გაიმარჯვა, რომლებიც იყვნენ ადამიანები, ვინც იდეის გამო ტყვიას უშვერდნენ მკერდს. ამ მორალურ ძალაზე უარის თქმა კი დაიწყო მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმის მოსამართლე კი არა, თავადაც რეჟიმის მსხვერპლი იყო… „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური ძალა ჩააბარა , – ამის შესახებ ანა დოლიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„როგორც კი ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, უზენაეს სასამართლოს, ანუ ჩვენი სასამართლო ხელისუფლების მთავარ რგოლს უნდა დაემატოს 10-ზე მეტი მოსამართლე. ვის დანიშნავს იქ საქართველოს პარლამენტი, ის განსაზღვრავს, ვინ იქნება ჩვენი სასამართლოების სახე“, – განაცხადა დოლიძემ და განმარტა, რომ თუ იქ ისევ ის მოსამართლეები მოხვდებიან, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს ატარებდნენ ძალადობრივ პოლიტიკას და აღზევდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს იქნება სიგნალი, საით წავა ქართული მართლმსაჯულების მომავალი.