რუსთაველზე საზოგადოების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს იხსენებს.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კობა დავითაშვილმა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაწილობრივ ხელისუფლებაშია.
„მე მოთხოვნა არ მაქვს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაუშვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გვემუქრება რევანშით, ახალი 7 ნოემბრით, ახალი 26 მაისით, ახალი ძალადობით და ახალი მკვლელობებით. ეს ამ ხელისუფლების სინდისზეა და მე მათ მიმართ არ მაქვს არანაირი მოთხოვნა. პირადად მე არ დავუშვებ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხელისუფლებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და დაწინაურებულებიც კი არიან და აგრძელებენ ჯალათობას. ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი, რომელიც იყო პროკურორი 26 მაისის საქმეზე და იმას კი არ იძიებდა, როგორ გაუსწორდნენ ხალხს, არამედ პოლიტპატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა, რომ მათგან ჩვენებები გამოეძალა”,- განაცხადა დავითაშვილმა.