ერთად დავდგებით და არ დავუშვებთ, რომ ის ზნე და ჭირი ხელახლა შემოტრიალდეს, რომელიც მოვიხადეთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, გოჩა ძასოხოვმა რუსთაველის გამზირზე, ღონისძიებაზე – „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა.
გამოსვლისას გოჩა ძასოხოვი შეკრებილებს ოსურ ენაზე მიესალმა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ მას 23 წელი ჰქონდა მისჯილი.
„იმ რეჟიმის განსჯას არ მოვყვები, რომელიც თქვენ ყველამ იცით. 23 წელი მქონდა მისჯილი. იცით, ეს პერიოდი როგორ განვვლე, ქვეყანაში როგორ დავბრუნდი, როგორ გავმართლდი. სასამართლოს წინაშე სააშკარაოზე ის ყველაფერი დავდე, რაც იმ რეჟიმმა ჩემნაირ ბევრ ადამიანს გაუკეთა. 2008 წელს, როცა დიდი ტრაგედია მოხდა, როგორც ოსი და ქართველი ხალხისთვის, ასევე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, სოჭში ერთ დარბაზში შევიკრიბეთ შვილმკვდარი ქართველები, ოსები და რუსები, დედები გამოვიდნენ და სისასტიკეს არა უთხრეს. დღეს იმის ნათელი მომავალი და იმედი გაჩნდა, რომ ჩვენ საერთო თანაცხოვრების საერთო მომავალი ერთად გამოვნახოთ. თავს გვახვევენ, რომ ის ადამიანები მოტრიალდნენ, რომლებმაც ქართველებისა და ოსების სისხლი დაღვარეს და გვასწავლიან, საქართველოს ხვალინდელი დღე როგორ უნდა ავაშენოთ. კიდევ ერთად დავდგებით და არ დავუშვებთ, რომ ის ზნე და ჭირი ხელახლა შემოტრიალდეს, რომელიც მოვიხადეთ“, – განაცხადა ძასოხოვმა.