ჰელსინკიში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავა თბილისში დაბრუნდა და ხმაურიანი პოლიტიკური განშორებიდან 2 წლის შემდეგ მათი შერიგების მიზეზი განმარტა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ისინი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და სამომავლოდ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ აპირებენ. სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ისინი საბოლოოდ ერთი ოჯახი არიან, უგულავა ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანებულებს ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორებიც ოჯახად იხსენიებენ და ეს გასაკვირი არაა. თუმცა მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობასა და „ევროპულ საქართველოს“ საერთო არაფერი აქვთ.
გუშინ 8 ნოემბერს, ფინეთის დედაქალაქში “ნაციონალური მოძრაობიდან” განდგომილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად შეხვდა.
ოფიციალურად ეს სააკაშვილი-უგულავას შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც 1 წლის წინ “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიმე ადამიანი გამოეყო და ახალი პარტია “ევროპული საქართველო” ჩამოაყალიბა.