თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვეტერანთა ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. გარდა იმისა, რომ სამგორის რაიონში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის, შიხიაშვილი ახლახან აშშ-ს გავლენიანი რესპუბლიკური კლუბის, “ქვინსის” საპატიო წევრად აირჩიეს, – ამის შესახებ გაზეთი “ვერსია წერს”.
გაზეთის ინფორმაციით, სექტემბერში, თბილისში, ამ კლუბის ქართული წარმომადგენლობა გაიხსნება. შიხიაშვილის ინფორმაციით, გამორიცხული არაა, კონგრესში სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობას შეისწავლის და იმასაც დაადგენს, ამერიკელ გადამხდელთა ფული, რომელიც საქართველოში თითქოს დემოკრატიის შენებაზე იხარჯებოდა, სინამდვილეში რას ხმარდებოდა.
“იმ ცნობილი აურზაურის შემდეგ, აშშ-ში თითქოს პოლიტიკური თავშესაფარის სათხოვნელად წავედი, უკან დაბრუნებულმა ჟურნალისტებს ვუთხარი, ადამიანი პოლიტიკურ თავშესაფარს მაშინ ეძებს, როცა დანაშაული აქვს ჩადენილი, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა-მეთქი. ისე, სააკაშვილის მომხრეების ნაწილი უცხოეთში რომ გარბის, გაიძახის, უსამართლოდ ვიდევნებიო, ანუ მოკლედ რომ ვთვა, პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას საკუთარი ქვეყნის ლანძღვის ხარჯზე ცდილობს. მე კი ჩემი ქვეყნის ლანძღვას არასოდეს ვიკადრებ, რადგან საქართველოსთვის მე და ჩემს მეგობრებს გვიბრძოლია, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაგვიგდია და მზად ვართ, თუ საჭირო გახდება, სიცოცხლე საფრთხეში კიდევ ჩავიგდოთ! მოკლედ, „ნაციონალებმა“ შეცდომა დაუშვეს და ყვირილი წინასწარ დაიწყეს, მაგრამ დავბრუნდი და გამოჩნდა, რომ მათ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! აშშ-ში იმიტომ წავედი, რომ მინდა, ჩემს ქვეყანას მეტი თანამოაზრე და მეგობარი ჰყავდეს, ასევე ჩვენს ისტორიაზე, ტრადიციებსა და მიზნებზე ინფორმირებული რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა იყოს. ნდობა კი გაცნობთ იწყება” , – აღნიშნავს შიხიაშვილი.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რა სტატუსით იმყოფებოდა დეპუტატობის კანდიდატი აშშ-ში, შიხიაშვილი პასუხობს – “მეგობრის სტატუსით. საერთოდ, აშშ-ს „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს და როცა ჩვენი ე.წ. პროამერიკული პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ქმედებები თითქოს ამერიკული ცხოვრების წესს ასახავს, ძირითადად, იტყუებიან, რადგან აშშ-ში მთავარი ღირებულებები ოჯახის, ტრადიციების, ქვეყნის, დროშის პატივისცემა და მომავალი თაობის პატრიოტად აღზრდაა. ჩვენთან უფლებების დაცვაზეც ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ ადამიანს, უფლებების გარდა, პასუხისმგებლობაც აქვს და ვალდებულებაც. პოლიტიკოსის ვალდებულება კი გაასმაგებული უნდა იყოს”.
შიხიაშვილის თქმით, ამერიკული რესპუბლიკური კლუბის ქართული ფილიალის მიზანი, პირველ რიგში, საზოგადოებაში განათლების ამაღლება იქნება.
“კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ანუ შევთანხმდით, რომ საქართველოში ამ კლუბის წარმომადგენლობა გაიხსნება, რომელიც აშშ-სთან საქართველოს სწორი ურთიერთობების ხიდი იქნება. ზოგიერთი პარტიის ქმედება, რომელსაც თავი პროამერიკულად მოაქვს, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებთან, სარწმუნოებასა თუ ზნეობასთან ისეთ წინააღმდეგობაში მოდის, რომ ქართველებს ჰგონიათ, აი, ყველა უბედურების სათავეო აშშ-აო. ჩემი მიზანი სწორედ ისაა, რომ ქართველებს ის აშშ გავაცნო, როგორიც სინამდვილეშია ანუ ამ კლუბის მიზანი იქნება ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეტი კომუნიკაცია არსებობდეს. ამერიკული საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, რელიგიური, ეთნიკური წარმომავლობისა თუ განათლების მიუხედავად, ქვეყნის ერთიანობას, სახელმწიფო ენას, დროშასა და მოაქალაქეობას პატივს სცემს. ამასთან, ქვეყნის აღმშენებლობაში ყველა მაქსიმალურად ინტეგრირებულია. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ასე არაა. მეტიც, აქ სიღარიბე წახალისებულია – ადამიანი იძულებულია, მოითხოვოს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფნა მინდაო, რადგან ამით შიმშილით სიკვდილს გადაურჩეს. ძველად ღატაკს გლახაკს ეძახდნენ და ქვეყანა, ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც დაგლახაკავებისკენ მიდის, ვერც ტერიტორიებს დაიბრუნებს და ვერც წარმატებას მიაღწევს! ჩვენ გლახაკები კი არა, ისეთი ადამიანები გვჭირდება, რომლებიც სახელმწიფოს აღმშენებლობაში თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით მაქსიმალურად ჩაერთვებიან და მუდმივად ერთ ადამიანზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული. „ნაცმოძრაობის“ კარგად შეფუთული ტყუილიც სწორედ ეს იყო, ადეამიანებს, რომლებიც ნაგავში იქექებიან, უფასო სასადილოები უნდა გავუხსნათ და სახელმწიფო დახმარებაც უნდა მივცეთო. გაჭირვებულებს სახელმწიფო, ცხადია, უნდა ეხმარებოდესმაგრამ სიღარიბე, როგორც აღვნიშნე, წახალისებული არ უნდა იყოს.
მოკლედ, ამერიკული რესპუბლიკური კლუბის ქართული ფილიალის მიზანი, პირველ რიგში, საზოგადოებაში განათლების ამაღლება იქნება. საერთოდ, როცა საზოგადოება განათლებულია, ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს ანუ განათლებული საზოგადოების პოლიტიკური გემოვნებაც უფრო დახვეწილია.. ამ კლუბის წყალობით, მხოლოდ ფინანსური კი არა, სხვა საშუალებებიც გაჩნდება, რომ ახალგაზრდობამ სწორი და კარგი განათლება მიიღოს”, – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.
რაც შეეხება ირაკლი შიიაშვილის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისრას, ის აღნიშნავს, რომ თუ სამგორში დამოუკიდებლად გაიმარჯვებს, „ნაცმოძრაობის“ მოღვაწეობა საბოლოოდ დამთავრდება.
“კოალიციის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა თავიდანვე არ მქონდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მაშინაც და ახლაც ჩემთვის ის ადამიანია, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ სახით, ის ჭირი მოგვაცილა, რომელიც ქვეყანას ლამაზი ლაპარაკითა და ცუდის კეთებით ანგრევდა! ამიტომ, ნაცმოძრაობა აღარ უნდა დაბრუნდეს! სამგორში გამარჯვებით „ნაცმოძრაობის“ საბოლოოდ დამთავრება დაიწყება! ამასობაში, აშშ მეტად ინფორმირებული გახდება, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამერიკელი გადამხდელების გადახდილი ფულით თითქოს დემოკრატიისთვის იღვწოდა, სინამდვილეში, მიშას ავტოკრატიას აშენებდა.
„ნაცმოძრაობამ“ რაც უნდა, ის შეფასება გააკეთოს. მთავარია, სააკაშვილი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ჩემი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ახლა უნდა, დიდგორში ყრილობა ჩამიტაროს, თითქოს დიდგორი მისთვის დიდ სულიერებას წარმოადგენს! დიდგორი, უბრალოდ იმიტომ გაახსენდა, რომ ქართველების ემოციებზე ითამაშოს, თორემ მისთვის სულ ერთია, ყრილობას თონეთის მინდორზე ჩაატარებს თუ ვაშლოვნის ტყეში. გაგონილი აქვს, რომ დიდგორის ბრძოლა ქართველებისთვის დიდი წარმატებით დამთავრდა და მაინტერესებს, ახლა დიდგორში საკუთარი ხალხის დასამარცხებლად მოდის? მიშა ქართველების მხარეს არაა და თუ დიდგორში იმიტომ მოდის, რომ თურქ-სელჩუკების ახალ სახეს აყალიბებს, მაშინ ქინძისხანია! ისე, გამორიცხულია, ყრილობა დიდგორში ჩაატაროს, რადგან დიდგორი წმინდა ადგილია. მე ამაში ხელს შევუშლი, დიდგორში მივალ და ხელს შევუშლი, რომ მიშამ ბოკერიამ და თარგამაძემ ყრილობა ვერ ჩაატარონ”, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, კონგრესში სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზე მოსმენები უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი თინა ხიდაშელის ვიზიტის შემდეგ შეჩერდა.
“სხვათა შორის, ნიკოლოზ ჩხეიძემ, მე და აშშ-ში მცხოვრებმა კიდევ რამდენიმე ქართველმა ამერიკელებთან ამ თემაზე ლაპარაკი 2012 წლის მაისში დავიწყეთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც აშშ-ში “ქართული ოცნების” სახელით თინა ხიდაშელი ჩაბრძანდა, რომელსაც კოალიციისა და აშშ-ს ურთიერთობის დარეგულირება ევალებოდა, ეს პროცესი შეჩერდა. არადა, კონგრესში სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზე მოსმენები უნდა დაწყებულიყო და იმის თაობაზე, რაში იხარჯებოდა საქართველოში ამერიკელ გადამხდელთა ფული, დროებითი საგამოძიებო კომისიაც უნდა შექმნილიყო. ქალბატონი თინა, ალბათ უკეთ ახსნის, ეს თემა მაშინ რატომ გაჩერდა, თუმცა ჩემს მეგობრებთან ერთად, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობ, რომ აშშ-მ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს, სააკაშვილი, თავის “ხანუკებთან” ერთად საკუთარი ხალხის წინაშე რა საშინელებებს ჩადიოდა!”, – ამბობს შიხიაშვილი.
რა ინფორმაცია მიაწოდა ამერიკელებს ირაკლი შიხიაშვილმა სააკაშვილზე
2016/07/18 13:42:38
კომენტარები
ნანახია: 2493 ჯერ