კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს იმ მიზეზებზე, რომლის გამოც სულხანი სააკაშვილის რეჟიმმა აითვალწუნა.
მისი თქმით, პირადად სააკაშვილმა და ადეიშვილმა მისცეს სულხანის დაჭერის დავალება.
„ვარდების რევოლუციამდე” სულხანს მოსთხოვეს, საჯაროდ განეცხადებინა, რომ ედუარდ შევარდნაძე საინფორმაციო ვაკუუმშია და სიტუაციას ვერ აკონტროლებს… ამის საფასურად ჰპირდებოდნენ ხელშეუხებლობას, თანამდებობაზე დატოვებას და სხვა დივიდენდებს, მაგრამ ჩემმა ძმამ ამის გაკეთება არ იკადრა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვალერი გრიგალაშვილს პირადად სააკაშვილმა და ადეიშვილმა მისცეს სულხანის დაჭერის დავალება. იმ დღეს, როცა უნდა დაეკავებინათ, პოლიციელები სულხანის მანქანას უკან დაჰყვებოდნენ, მაგრამ ლესელიძის ქუჩაზე მისი კვალი დაკარგეს. უფროსებს სიმართლის თქმა ვერ გაუბედეს და პატაკი ჩააბარეს – სახლში წავიდა მოლაშვილიო. როცა ოპერატიული ჯგუფი ჟურნალისტებთან ერთად სახლში მივიდა, სულხანი იქ ვერ აღმოაჩინეს, არადა, საჩვენებელი დაკავების მოწყობა სურდათ! ერთი თანაშემწე, თურმე, იატაკზე გაწვა და საწოლის ქვეშ შეიხედა, რაზეც მეუღლემ უთხრა – სულხანი თქვენ მიშა სააკაშვილში ხომ არ გეშლებათ, საწოლის ქვეშ რომ დამალულიყოო!
ჩემს ძმას შევატყობინეთ ვითარება და საკუთარი ფეხით მივიდა გენერალურ პროკურატურაში. იქ უთხრეს – შენთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, თბილისის პროკურატურას მიმართეო. სულხანი მაშინვე ტაქსით გაემართა, იქ კი ბრალი წაუყენეს: თურმე, კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს პალატის თანამშრომლებზე 37201 ლარი პრემიების სახით ჰქონდა გაცემული, თანაც 80-100 ლარის ოდენობით და თავისთვის კაპიკიც არასდროს აუღია!
პრემიის გაცემის უფლება არ ჰქონდაო და ვაკის რაიონის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვალერი გრიგალაშვილმა ამ პრემიების გარდა სულხანს ვერაფერი მოუძებნა! აქედან დაიწყო ჩემი ძმის წამება. მთავარი სულაც არ არის, ვინ შეაერთა დენზე, ვინ დაწვა სიგარეტით. ახლა რომ ნაცები და ლიბერასტები კაკანებენ, სულხანი არავის უწამებიაო… მაშინ სად იყვნენ, როცა მისი საკნიდან გამოსულმა განცვიფრებულმა მათიას იორშმა განაცხადა, პირუტყვები არ იმყოფებიან ასეთ პირობებში, როგორშიც სულხან მოლაშვილი ვნახეო!
3 დღე სრულ სიბნელეში ჰყავდათ. გაფუჭებულ ონკანში წყალი მოჩხრიალებდა და დასაწოლი არ ჰქონდა – ასეთ მდგომარეობაში შეუსწრო მათიას იორშმა! მაშინ სად იყვნენ, საკანში, ტუალეტის კართან რომ წაუკითხეს სულხანს განაჩენი?
ვალერი გრიგალაშვილი ურცხვად იტყუება, როცა ამტკიცებს, რომ სულხან მოლაშვილი არავის უწამებია და ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩავატარეთო. თან მე მიმოწმებს – თორნიკე მოლაშვილიც იქ იყო და ყველაფერი იცისო. არც გამოძიება ჩატარებულა და არც მე დავუკითხივარ ვინმეს!” – ამბობს თორნიკე მოლაშვილი.