ქუთაისის მაჟორიტარობაზე შეთავაზება პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, კერძოდ კი, პრემიერისგან მივიღე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს “ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს.
როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, მისი არჩევის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქუთაისში სოციალური საკითხების მოგვარება იქნება.
,,2016 წლიდან საქართველოს განვითარების ისტორიაში დგება ახალი ეპოქა, სოციალური სახელმწიფოს განვითარების, კეთილდღეობის სახელმწიფოში გადასასვლელად. აქედან გამომდინარე საინტრესო იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში გარკვეული მონაწილეობის მიღება. შემოთავაზება მივიღე პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, პრემიერისგან. მთავარი პრობლემა მაინც ქუთაისისთვის არის სოციალური საკითხი. გასულ ოთხ წელიწადში ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ვფიქრობ, მაინც არის დასაქმების საკითხი მოსაგვარებელი. არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც და ეს პრობლემები იმ პროექტებით, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, დაძლევადი იქნება“, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.