საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმითან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტაბილური და ძლიერი თურქეთი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის.
“საქართველოს დელეგაციის დღევანდელი ვიზიტიც სწორედ გახლავთ ამ განსაკუთრებული ურთიერთობის გამოხატულება. თქვენ ახსენეთ თქვენი სატელეფონო ზარი კვირას, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით რომ ეს ვიზიტი უნდა ჩაგვეტარებინა იმ დღეს როცა ეს იყო დაგეგმილი. მინდა მოკრძალებით მოგახსენოთ რომ ვიდრე ეს საუბარი შედგებოდა, მთელი ღამის განმავლობაში, როცა ხდებოდა ამბოხი, მანამდე კიდევ სანამ ამბოხი დასრულდებოდა, მე პირადად გავაკეთე ძალიან მხარდამჭერი განცხადება თურქეთის ხელისუფლების მიმართ და თურქეთში დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მხარდამჭრი განცხადება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი პირადი მეგობრობიდან გამომდინარე, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო გაცნობიერებული განცხადება, გამოხატულება იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტაბილური, დემოკრატიული თურქეთის შეუფერხებელი განვითარება მთლიანად რეგიონში სტაბილურობისათვის და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოსათვის. სტაბილური და ძლიერი თურქეთი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის და რა თქმა უნდა საქართველოსთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.