საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ ანზორ ქოქოლაძეს ბრალდება მოეხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ უზრუნველყოფდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლითაც შესაძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. აღნიშნულის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ქ.-ს მიმართ 2011 წელს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და იგი გაამართლა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ა.ქ.-მ თითქოსდა გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდების და ს/ს „ელიტ ელექტრონიქსიდან“ მატერიალური სახსრების მისი, როგორც ფიზიკური პირის გამგებლობაში მოქცევის მიზნით, ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსის” კაპიტალი მისი ნათესავის შპს „ბათუმვაჭრობის“ დირექტორის თ.ნ.-ს კომპანიაში ხელოვნურად გადაიტანა. ხოლო თ.ნ.-მ, როგორც შპს „ბათუმვაჭრობა“-ს დირექტორმა, სესხის ფიქტიური ხელშეკრულებები გააფორმა, რის საფუძველზეც ა.ქ.-ზე სესხის სახით საერთო ჯამში 4 605 000 ლარი გაიცა.
მიღებული თანხიდან მიზნობრივად გაიხარჯა მხოლოდ 1.193.658 ლარი, ხოლო 3.411.342 ლარი ა.ქ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ მოაქცია მის გამგებლობაში, რითაც ს/ს „ელიტ ელექტრონიქსიდან“ მოტყუების გზით დაუფლებული თანხის ერთპიროვნულად განკარგვის შესაძლებლობა მიიღო, პირადი მოხმარებისთვის გაათავისუფლა კაპიტალი საბანკო და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებებისგან, ხოლო სააქციო საზოგადოებას და სახელმწიფოს მოუსპო კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
ასევე წარდგენილი ბრალდების თანახმად, ა.ქ. აგრძელებდა რა ს/ს „ელიტ ელექტრონიქსის” გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდებასა და მატერიალური სახსრების მისი, როგორც ფიზიკური პირის გამგებლობაში მოქცევას, გამოიყენა ყალბი შინაარსის შემცველი აუდიტორული დასკვნა და ისნის რაიონში მდებარე ქონება ხელოვნურად გაზრდილი ფასით, 2008 წლის 17 ივნისს, მიჰყიდა ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსს“, რის სანაცვლოდ მოტყუებით მიიღო ქონების ხელოვნურად გაზრდილი საფასური – 7.437.205 ლარი.
დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემისთვის და მისი რეალური მფლობელის შენიღბვისთვის ა.ქ.-მ მასთან დაკავშირებულ პირებს, ფიქტიურად გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძვლით, ხსენებული თანხების ნაწილი შპს „ტექნო ბუმში“ შეატანინა.
ბრალდების თანახმად, სესხის სახით გაცემული თანხის ფაქტობრივი მფლობელი იყო ა.ქ., ხოლო მასთან დაკავშირებული პირების სახელით გაფორმებული სესხის ფიქტიური ხელშეკრულებებით მათ დაფარეს უკანონოდ დაუფლებული თანხების წარმომავლობის წყარო და შენიღბეს მისი რეალური მფლობელი, რითაც ა.ქ.-მ კანონიერი სახე მისცა სააქციო საზოგადოება „ელიტ ელექტრონიქსიდან“ თაღლითური გზით მიღებულ შემოსავალს და სესხის უკან დაბრუნების გზით თანხები ფორმალურად მოაქცია მის მართლზომიერ მფლობელობაში.
სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე, გამოკვლეული იქნა საქმის მტკიცებულებები, რომელიც არ იყო ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი, თავისი შინაარსით ირიბ ანუ არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენდა, რაც არ იყო საფუძველი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ა.ქ.-ს მიმართ უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რომელთა ერთობლიობაც ვერ უზრუნველყოფდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის სტანდარტს, უარი თქვა ბრალდებაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა“,- აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის შუამდგომლობით ანზორ ქოქოლაძეს ბრალდება მოეხსნა
2018/12/25 17:41:21
კომენტარები
ნანახია: 646 ჯერ