პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიოს თასის ხუთგზის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში, – ირმა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი, მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული პარაძიუდოში, – ზვიად გოგოჭური დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სპორტსმენებს საკუთარი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ თავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული წარმატებისათვის, რითიც ამაყობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
,,ჩვენი სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ქართული სპორტის სიძლიერით ჩანს ქართული სახელმწიფო და მისი სიძლიერე.
თქვენ, ამ სახელმწიფოს დიდი იმედი ხართ. სახელმწიფო დგას ბევრ რამეზე, მათ შორის, კულტურასა და სპორტზე. ამდენად, თქვენ ძალიან ძვირფასი ხართ ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ვისურო, რომ არა მხოლოდ 2019 წელს, არამედ, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მსოფლიო ასპარეზზე უამრავ წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ 14 ნომინაციაში.
იმედინიუსი