ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საქართველოდან მშობლების სამუშაო მიზნით მიგრაციის საკითხს გამოეხმაურა. პატრიარქის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულ მშობლებს შვილებისთვის ცოტა დრო რჩებათ, აღზრდის ფუნქცია სკოლის პედაგოგებმა უნდა შეასრულონ.
„ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია. დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის“, – ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.