ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში.
„დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, რიგი პოზიტიური მაჩვენებლებია – თითქმის ასით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის გამო, რაც კარგი დინამიკაა. სასწრაფოზე გამოძახება გადანაწილდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებზე და შემცირების დინამიკაა, თითქმის ცხრაასით განიმუხტა სასწრაფო დახმარება გამოძახებებისგან. ეს ტვირთი აიღეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა და უმეტეს შემთხვევაში, ეს გვარდება სატელეფონო კონსულტაციით, უშუალოდ გასინჯვით და რიგ შემთხვევებში, ბინაზე მისვლითაც.
თუმცა, ძალიან საყურადღებოა, რომ დაავადების მიმდინარეობა მძიმეა, ჰოსპიტალებში მკურნალობას 640-მდე პაციენტი გადის და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ავადობა ცალსახად უკან იხევს, მისი მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ“, – აცხადებს დავით სერგეენკო.