არანაირი კრიზისი არ არის. ის, რომ რამდენიმე ადამიანმა დატოვა უმრავლესობა, უბრალოდ გულდასაწყვეტია ადამიანურად, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ნებისმიერ ჯგუფში მიმდინარეობს ცოცხალი პროცესი, რაც გარკვეულ კონსულტაციებს გულისხმობს. შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, კვირაში რამდენჯერმე მაქვს შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან. შეხვედრები არის პარტიის ოფისში სხვადასხვა თემაზე. არანაირ უკმაყოფილებაზე საუბარი არ არის. ზოგადად, პარტიაში, უმრავლესობაში და ნებისმიერ ჯგუფში, არის ცოცხალი პროცესი, რაც გარკვეულ კონსულტაციებს გულისხმობს. სამთავრობო კრიზისი ალბათ მაშინ შეიქმნება, როდესაც ვთქვათ, კიდევ 35 ადამიანი დატოვებს უმრავლესობას და იძულებული ვიქნებით, კოალიციაზე ვილაპარაკოთ. მანამდე არანაირი კრიზისი არ არის. ის, რომ რამდენიმე ადამიანმა დატოვა უმრავლესობა, უბრალოდ გულდასაწყვეტია ადამიანურად. მათთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან დიდი ხნის ბრძოლა, დიდი ხნის მეგობრობა, აზრთა ურთიერთგაგება. მათი წასვლა გუნდიდან ჩემთვის გასახარი არ არის, თუმცა ამას კრიზისთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.