ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ნოდარ ხადური ესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, რომელიც 11-12 მაისს, ქ. ლონდონში იმართება.
სამინისტროს ცნობით, 11 მაისს ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გახსნასა და პლენარულ სესიაში. დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან.
ვიზიტის ფარგლებში, 11 მაისს, ფინანსთა მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომლის საფუძველზეც „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის“ ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით გამოყოფს 7 მილიონ ევროს.
პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს, მეთ მალოის (Matt Mallloy). მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აშშ-ს ხაზინას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივა.
დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრები OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID), სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO), საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების (Moody’s; FitchRatings) წარმომადგენლებთან. შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს 2015 წლის 13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.