„ბოლო წლების ანალიზი ადასტურებს, რომ აჟიოტაჟური განწყობების დროს რეალური მაჩვენებლიდან ლარის კურსის გადახრა 10-15 თეთრის ფარგლებშიც კი მერყეობს“, – ასე ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას.
ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში სოციალურ ქსელში წერს, რომ „სავსებით სწორია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ ლარის კურსი გაუფასურების შემდეგ დასტაბილურებისკენ მიდის, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული”.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, რასაც ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ – 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენის შედეგად, რაც გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ ყოვლისა, ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნეგატიურ მოლოდინებში აისახა.
„ლარი ეძებს ახალი წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს, რაც თუნდაც ბოლო დღეებში იყო. ივნისის 5%-იანი ზრდა და ამ ზრდის ხელშემწყობი ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, იქნება ეს წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, აჩვენებდა, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, რასაც ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ -20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენის შედეგად, რაც გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ ყოვლისა, ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნეგატიურ მოლოდინებში აისახა. დიდწილად სწორედ ბაზარზე წარმოქმნილი ამ აჟიოტაჟურ ხასიათის შედეგი იყო ლარის კურსის აშკარად ზედმეტი გადახრა რეალური მაჩვენებლიდან; ბოლო წლების ანალიზიც ადასტურებს, რომ ამ ტიპის აჟიოტაჟური განწყობების დროს, გადახრა რეალური მაჩვენებლიდან 10-15 თეთრის ფარგლებშიც კი მერყეობს ხოლმე. შესაბამისად, სავსებით გამართლებული იყო სავალუტო ინტერვენცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ბაზარზე და ეს სავალუტო ინტერვენციამაც დაადასტურა, როცა საპროგნოზო 40 მილიონი აშშ დოლარის შეთავაზების ნაცვლად შესყიდვა, გაცილებით ნაკლებ თანხაზე 32 მილიონზე დაფიქსირდა”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბოლო 2 დღის მანძილზე ლარის გამყარების ტენდენცია და ბოლო სავალუტო აუქციონის შედეგები არის იმის მანიშნებელი, რომ ლარი ეძებს ახალი წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს.
2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ლარის ზედმეტად გაუფასურებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონი გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა”. მისივე თქმით, ლარი მალე დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს.
გიორგი ცუცქირიძე – ლარი ეძებს ახალი წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს
2019/08/02 19:27:59
კომენტარები
ნანახია: 1116 ჯერ