დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს დავალებები მიეცემათ.
„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არცერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში, შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან“,- განაცხადა გახარიამ.
როგორც გახარიამ განაცხადა, შსს-მ მოზარდების დაკითხვის და შესაბამისი სივრცის შექმნის მიმართულებით უნდა იმუშაოს, ხოლო განათლების სამინისტრომ ყველა იმ სახელმწიფო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა უზრუნველყოს, ვისაც მოზარდებთან შემხებლობა აქვს.
„ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვებისა და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართლებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც მათ აქვთ სამართალდამცავ სისტემასთან შეხება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნონ იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული“, – განაცხადა გახარიამ.