საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი კახა დგებუაძე ამერიკელ პარტნიორებთან მაღალ დონეზე შეხვედრების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა, სადაც სენატორების წერილზე იმსჯელეს.
კახა დგებუაძის ქმით, საარჩევნო წლის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გზავნილები წამოვა აშშ-დან და ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. ანალიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსიმ მკაფიო გზავნილები გაავრცელონ, რომ ასეთი ვითარება ხანგრძლივად არ იყოს დღის წესრიგში.
„ყველა წინა წერილი რომ დავივიწყოთ, დღევანდელი წერილი, რომელსაც ხელს აწერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე დემოკრატი სენატორი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ხელისუფლება. ამ ხელისუფლების პირობებში პირველად მოხდა ამგვარი მესიჯების გამოგზავნა. ისეც ნუ დავაბრალებთ, რომ ვიღაცამ რაღაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და აქედან გამომდინარე გაკეთდა ამგვარი განცხადებები. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება საკუთარ თავს მოიტყუებს. საარჩევნო ტაქტიკიდან გამომდინარე უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო სწრაფად და მყისიერად მოახდენს ხელისუფლება ყველა ამ გზავნილზე რეაგირებას, მით უფრო მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმიით, ყველაზე მთავარი მესიჯი დღევანდელ წერილში არის ის, რომ ვარაუდია საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვაზე. „სენატორების წერილში მთავარი გზავნილი იყო, რომ შეიძლება, გადაიხედოს საქართველოსთან ურთიერთობა – ეს ის „მესიჯია“, რომელზეც ხელისუფლება უნდა დაირაზმოს“.
თუ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში დავკარგეთ მხარდაჭერა წამყვან კონგრესმენებსა და სენატორებს შორის, მაშინ ვერც ერთი ინიციატივა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას ეკუთვნის, ვერ გავა. ეს მკაცრი გზავნილები შესაძლოა, ჩვენმა მტრებმა გამოიყენონ ანტიამერიკული ნარატივის წარმოებაში.
ამერიკა რაღაცას გვკარნახობს; ამერიკა რაღაცას გვაიძულებს; ერთი პოლიტიკური ძალის სიმპათიებია საქართველოში – ასეთი შინაარსის გავრცელება და შემუშავება სოციალურ ქსელში უკვე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. პირველ რიგში, ეს არის მეგობრული რჩევები. ერთია, როდესაც ამერიკა საფრანგეთს ვერ უთანხმდება სავაჭრო საკითხებში და მეორეა, როდესაც ჩვენ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს. ეს უნდა განვასხვავოთ“, – განაცხადა კახა დგებუაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობას წერილით 30 იანვარს მიმართეს.