საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას ბოლო ინფორმაციით, ჩინეთის ტერიტორიაზე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კალანდიას თქმით, ქალაქ უხანში 3 ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებით დარჩა, ხოლო 5 მოქალაქის ევაკუირება თურქეთსა და საფრანგეთში უკვე განხორციელდა.
“ჩვენი 3 თანამოქალაქე მათივე გადაწყვეტილებით, რჩება უხანში, ხოლო დანარჩენი 5 ადამიანი, როგორც მოგეხსენებათ, 3 თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთში იქნა ევაკუირებული. ჩვენს თანამოქალაქეებთან, ჩინეთის ყველა რეგიონში, მუდმივ კონტაქტზე ვართ მათთან, ვინც დარჩა და ჯერ კიდევ იმყოფებიან ჩინეთის ტერიტორიაზე. ცხადია, მაქსიმალურად ვცდილობთ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი განვახორციელოთ და საბედნიეროდ, დღევანდელი მონაცემებით, ყველა კარგად არის და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,”- განაცხადა არჩილ კალანდიამ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთში ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 361-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირების 17 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.