დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გიორგი აბუთიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. შესაბამისად, მინდა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარმოგიდგინოთ, რომელიც დღემდე, ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს ელექტროსისტემაში მუშაობდა. პროფესიით გახლავთ ინჟინერი და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, შემართება ხელს შეუწყობს და დაეხმარება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა გიორგი აბუთიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.