შეიძლება მე მეშლება, ამიტომ მინდა, თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები, – ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.
მისი თქმით, ბავშვებს ყოველთვიურად კვების ბარათები, ვაუჩერები ეძლევათ და ამისთვის გამოყოფილია 70 მილიონი ლარი.
“გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ და ამას მოჰყვა უცენზურო კომენტარები, თუმცა იყო დადებითი გამოხმაურებებიც. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. მთავარი პრობლემა სიღარიბეა, აქედან გამომდინარე, ცხადია, ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ, როგორც განათლების ასევე, სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხების და აშ. თუმცა სულ სხვა არის, ჩემი აზრით, შიმშილი.
ამისთვის გამოყოფილია 70 მილიონი ლარი. ასეთ ბავშვებს ყოველთვიურად ეძლევათ კვების ბარათები, ვაუჩერები და ა.შ. არსებობს სხვა პროგრამებიც. შეიძლება მე მეშლება და ამიტომ მინდა, თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები”, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
დეპუტატი ასევე, დაინტერესდა, თუ არის შესაძლებელი აფთიაქებს მედიკამენტების ფასების ზედა ზღვარი დაუწესდეს.
“თქვენც ბრძანეთ და მეც მინდა გავიმეორო, რომ მედიკამენტები, მათი ფასები ძალიან მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი სუპერ მოგებებთან არის დაკავშირებული. თითქმის ყველა აფთიაქში გამოცხადებულია, რომ კვირაში სამი დღე 20%-იანი ფასდაკლებაა და სწორედ, ამ დღეებში მიდის ყველაზე მეტი ადამიანი. თუ შეიძლება ან რენტაბელობის ზედა ზღვარი დაუწესოთ, ან რაიმე სხვა ღონისძიება მოვიფიქროთ, რადგან, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეს მთლიანობაში აღნიშნულ პრობლემას არ მოხსნის”, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.