გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევია.
მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გავრცელებული ინფორმაციით, კელიაში ერთად ცხოვრობდნენ. მოკლული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც წელიწადზე მეტია მარტყოფის მონასტერმა შეიფარა, ის სასულიერო პირებს სამეურნეო საქმიანობაშიც ეხმარებოდა. სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.
“შუაღამისას შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ ჩემ ოთახში კაცია გარდაცვლილიო. ღამის 4-ის ნახევარზე ლოცვა რომ იწყება, 4-ის 15 წუთზე მივიდა ეს, რომ გაეღვიძებინა. გადახადა ზეწარი და დაინახა კაცი გარდაცვლილი. კისერში ჰქონდა ჭრილობა დანის. დავურეკეთ პატრულს და გვამი ექსპეტიზაზე წაიყვანეს, ხოლო ვინც გვერდით ოთახში ცხოვრობდა, ისინი პოლიციამ წაიყვანა.
როდესაც უკან დაბრუნდნენ, ვკითხე, გაქცეულს და მოკლულს კონფლიქტი თუ ჰქონდათ და მითხრეს არაო. გაქცეული წელიწადნახევარია ჩემთან დადიოდა, სულიერი პრობლემები ჰქონდა, 18 წელი იჯდა ციხეში,” – უთხრა “კურიერს” არქიმანდრიტმა, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ბენიამენ ბელქანიამ.