ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, კაზინოს მიერ დაფინანსებული პაციენტის თერაპიაზე რომ დავთანხმდით, რეაქცია ორნაირია: პირველზე ვთანხმდებით, – შავი იუმორის ჟანრს წააგავს. მეორეზე ყველა ვერ ვთანხმდებით, მაგრამ მე დადებით მხარეებს ასე ვხედავ: დაავადების პირველივე , ადრეული სიმპტომის შენიშვნისთანავე თუ მოგვმართავს ადამიანი, აღარც სახლს დაკარგავს და აღარც თავს. დაგვიანებული, დამძიმებული ფორმით თუ მოგვმართავს, გადავარჩენთ კიდევ უფრო დამძიმებას და ხშირად სიცოცხლეს. მართალია, კაზინოს რეკლამა და პიარი უნდა, რომ კეთილი და გულშემატკივარია, მაგრამ ამავდროულად, თერაპიის ცენტრთან მემორანდუმის გაფორმებით გამოსდის “დაავადების რეკლამაც”, – კაზინო და დაავადება წყვილდება ტვინში, როგორც ასოციაციური კავშირი, რომელსაც თავად კაზინო აღიარებს. რათქმაუნდა, ეს ჰგავს სიგარეტის კოლოფზე წარწერას, “მოწევა კლავს”, რომელმაც ჩემზე ვერ გაჭრა, მხოლოდ მაბრაზებს, მაგრამ ბევრ ადამიანზე იმოქმედა. კამარა იმუშავებს პრევენციაზეც, ინფორმირების და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებით. რათქმაუნდა, ჯობდა დონორობის სურვილი გამოეთქვა ფარმაბიზნესს ან რძის და ყველის ქარხანას, მაგრამ არ გამოუთქვამთ. კამარაში ფასიანი თერაპია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ხშირად გვწერდნენ გვერდზე უკმაყოფილო ადამიანები, რატომ არ არის უფასო სერვისიო, რადგან თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნაში სხვა ყველაფერთან შედარებით ძვირი არაა, მაინც ძვირია ბევრისთვის. კაზინო ზუსტად იმდენს იხდის პაციენტისთვის, როგორი ტარიფიცაა ჩვენთან და არცერთი თეთრით მეტს. ამდენად, კამარა ამ მემორანდუმით არ მდიდრდება, მხოლოდ საშუალება გვეძლევა ბევრი ადამიანი მივიღოთ უფასოდ” წერს ფანჯიკიძე.