ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილთან არ ითანამშრომლებს. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ „იმედის“ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლიტპატიმარი არასოდეს ყოფილა და მისი გამოჩენა ოპოზიციის მოლაპარაკებებზე დიალოგის ჩაშლის მცდელობა იქნება.
„პრაქტიკულად მე ამას გამოვრიცხავ. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას. ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ლიდერი და არამგონია რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის რომელიმე ორგანიზაციაში გადაწყვეტს შესვლას, მაინცდამაინც პოლიტიკურ ლიდერად ის მაგიდასთან გამოგზავნოს. იმიტომ რომ ეს იქნება უბრალოდ ხელოვნურად მაგიდის ჩაშლის მცდელობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა და განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.