ოპოზიციური ერთობა არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები საერთო მაჟორიტარულ კანდიდატების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
„ვერანაირ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან, იმიტომ რომ მათი გაერთიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია ეს ძალები დადგნენ და დაიწყონ: „აი ამ ადამიანს დავუჭიროთ მხარი“. ცალკე კიდე არცერთს არ აქვს იმის რესურსი, რომ მოიგოს რომელიმე მაჟორიტარული ოლქი. რესურსი რომ ჰქონდეთ, მაშინ აღარც უნდა ითხოვდნენ არც სრულად პროპორციულს, არც რაიმე ცვლილებას, იმიტომ რომ მთელი დღეები რასაც ვისმენთ, ძალიან გულუხვები ამბობენ, რომ შეიძლება ჩვენ ავიღოთ 35%, „ქართულმა ოცნებამ“ და უფრო ძუნწები 20-25%-ში გვამყოფებენ. მაშინ მოუგიათ არჩევნები და პრაქტიკულად სრულად, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება“, – აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით, მხარეებს შორის საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის.
„დიალოგი უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. ჩვენ ისევ და ისევ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. როცა მოლაპარაკებაზე მიდიხარ კარი არ უნდა ჩაკეტო. უბრალოდ კარი შეიძლება ჩავკეტოთ მარტო ორი: ეს არ იქნება არც პროპორციული და არც ისეთი მაჟორიტარული, რომელიც პროპორციულ უდრის და ეს არ იქნები მთლიანად მაჟორიტარული, რასაც ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი ითხოვს ან 73-ის ნაცვლად უფრო მეტი მაჟორიტარული. ეს ორი არ იქნება. დანარჩენზე მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, – განაცხადა სუბარმა.
ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.